“შენ წადი! ამათ მე შევაკავებ!!!”

“ო არა, მე შენს თავს არავის დავუთმობ!”

“ეს შენი ბრძოლა არ არის!”

“რაც იმ ღამეს მოხდა, შეცდომა იყო.”

“მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანები სუსტები და უტვინოები არაინ, ხოლო ვამპირები ყველაზე ძლიერები და სულყველაზე მაგრები და მაგიტომ უნდა იბატონონ.”

“ახლა სად ხარ. როცა ასე მჭირდები, დედა?!”

“რატომ უნდა აირჩიო კარგი ბიჭი, როცა ცუდი ბიჭები ისეთი… ისეთი… ისეთები არიან.”

“იმ გრძნობისა იყოს, რომელსაც სექსუალური ვამპირების სიყვარული ქვია.”

“მთელი ჩემი ცხოვრება ტყუილი ყოფილა!!!”

“შენ არ ხარ მზად ამის გასაგებად..”

“რომ ვუყურებდი, მუცელში პეპლები მიფარფატებდნენ.”

“მისტიკურ ვამპირს ცივი მზერა ჰქონდა. ყინულივით.”

“შენ ჩემთვის მეტისმეტად კარგი ხარ.”

და ბოლო, შედევრალური:

“შენ წადი! ამათ მე შევაკავებ!!!”

  ჩემი ყველაზე საყვარელი მომენტები “ვამპირული ომების” პირველი 50 გვერდიდან. საოცარი მწერალია ქ.რ. დეივისი. შემიყვარდა. დანარჩენი აღარ წამიკითხავს, მაგრამ აუცილებლად ჩავამთავრებ, იმდენად სალი, სრულიად ციცაბო და მკაცრად პიტალო კლიშეა თავიდან ბოლომდე, რომ რაღაცით საინტერესოც კი არის, როგორც მეხუთეხარისხმოვანი საშინელებათა ფილმი, რომელიც იმდენად ცუდია, რომ უკვე კარგია :დ ჟანრის სტერეოტიპები, დაზუთხული ფრაზები და ჩაჟანგული თვისთები ერთ ყვითელ, მტვრიან ფლაკონშია ჩაყრილი და თავისებურად, ენციკლოპედიური, შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს უკვე :დ ანატომიის გაკვეთილივითაა. ქვიშის ვარდისფერი ხოჭო ორად გაჭრეს, ჩადეს მიკროსკოპში და ათვალიერებენ. ასე კეთდება ბლოკბასტერები. ასე ასხამენ ბესტსელერებს.

10500360_903233763029369_5640292366555099729_n

   “თრუმენის შოუა” რა ფაქტობრივად :დ პროსტო, თრუმენი ვართ ჩვენ, მკითხველი, და პატარა, შტერი თაგუნასავით დავრბივართ ბორბალზე, რომელიც თავიდან ბოლომდე გამოგონილ, ხელოვნურ და რეალობის მახინჯ ასლ სამყაროში მოვლენების ცენტრში დგას. თაგუნას გული ერევა, იცის, რომ ყველაფერი მოჩვენებითია. ბორბალის და “სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარის” და “ოოხ, რა სასტიკია ცხოვრების” გარდა კიდევ რაღაც არსებობს ამქვეყნად, რაღაც უფრო ნამდვილი, ჩილის წიწაკასავით მწარე, მუცელში გამოქნეული წიხლივით მტკინვეული, იუპიტერის ლატესებური ზედაპირივით მშვენიერიც, მაგრამ, სანამ წიგნს კითხულობ, შოუში ხარ, პატარა და შტერი თაგუნა ხარ, და ატრიალე ბორბალი, ატრიალე, ფორესტ, სანამ სამყაროს იდეალურობას შენი ნარწყევის სუნი არ გაარღვევს :დ

  ვგიჟდები ლიტერატურაზე, რომელიც გავს საზოგადოებრივ ტუალეტს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, საჯარო სამსახურები, საჯარო მოსამსახურეები, ბიუროკრატიული სისტემები და მასში ჩახუთული, ფერმკრთალი და მერიონ კოტიარისნაირად, ჩაჟამებულთვალებიანი, მოხელეები ყველაზე გამჭვირვალე, უფერო და სტერილურ სივრცეს ქმნიან ირმის ნახტომში. მათ ხომ უამრავი ადამიანის პრეტენზიული გემოვნება უნდა დააკმაყოფილონ. აჰ, იმას ვარდისფერი არ უყვარს, ოჰ, ის ვერ იტანს უწმაწურ სიტყვებს, უჰ, იმას ჭარბწონიანი ადამიანები არ მოსდის თვალში, აიჰ, ამას სამკაულები აღიზიანებს. ამიტომ გავიძროთ სახე. ამიტომ ჩამოვიფაროთ ქაღალდის ტომსიკები. მივიხატოთ ბედნიერი ღიმილები და ვიყოთ მხიარული, გასაგიჟებლად მხიარული მედუზები. ასწორებს მედუზობა. მედუზა საყვარელია, სულ 5 უჯრედისაგან შედეგება, მართალია, სამაგიეროდ, ახლოს მისული პლნქტონების ფერს აირეკლავს. ყველაზე უფრო წუწკი და პრეტენზიული პლანქტონიც კი ვერ იტყვის, რომ მედუზა შეცდა. მედუზა ვერ შეცდებოდა, რადგამ მას არაფერი უთქვამს. მედუზა შეუცდომელია და სრულყოფილი, როგორც ღმერთი. როგორც მჭლე და ცარიელი ლიტერატურა, რომელიც გავს საზოგადოებრივ ტუალეტს, და ღმერთს, რომელიც არ არსებობს.

tumblr_ncoym9IhM31qzgghgo1_500

   არადა, საქმე არ არის “მოსაწყენ” სიუჟეტში, ან “არაორიგინალურობაში”. მე ვარ ის გამორჩეული იდიოტი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ დიდი აფეთქების შემდეგ სამყარო რომ ფართოვდება, ვითარდება, უსასრულობაში რომ მიცურავს ჯერ ბრასით, მერე კი კროლით, ბოლოს რომ რეალობის ზღვარს აღწევს და ისევ რომ ფეთქდება, აი ეგ ისტორია, ეგ პირველი, საოცარი და ფატალური ისტორია მეორდება ყველა გალაქტიკის ცხოვრებაში, ყველა დიდი და პატარა ვარსკვლავის, ყველა სერიოზული და მხიარული პლანეტის, ყველა ადამიანის, ცხოველის, ყველა კაქტუსისა და ალოეს მილიარდობით სიცოცხლეში. ისტორია, ბუნება, დრო და სივრცე მუდმივად იმეორებს თავის თავს. არ ვიცი, რატომ, როგორ. თუნგი ვარ. არც ის ვიცი, არსებობს თუ არა სამყარო ჩვენზე უფრო მაღალ, ჩვენზე უფრო ლამაზ და მიუწვდომელ, იასამნისფერ მატრიცაში ჩვენს ლაქირებულ თავებსა და ჩვენს ერეგირებულ ეგოებს ზემოთ. მაგრამ… სხვა რამეს ვამბობდი. ყველა სიუჟეტი დაიწერა. ბლინ. ყველა ისტორია ითქვა. სიყვარულზე, სიძულვილზე, უსასრულობაზე, მარტოობაზე, მეგობრობაზე, სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე, შიშებზე და იმედებზე, ასგარდო მაღალო, უკვე იმდენი რამ ითქვა. მე ვარ ჯოს გატეხილი გული ამის გამო. ამის გამო არ ვეძებ “ორიგინალურობას”, გაფეტიშებულ “სიახლეს”, მე უფრო მარტივ რამეს ვეძებ, პიროვნებას ვეძებ. იმ პატარა, ცუცქნა და თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვან, დეტალებს, რომლებიც შეავსებს 14 მილიარდი წლის წინ დაწერილ ძველისძველ ამბავს, თავისებურ, პიკანტურ, განუმერეობელ სუნს და სულს მისცემს დროს. “მუცელში პეპლები ამიფარფატდაო” ნაგავია, გაცვეთილ იატაკს დადებული ცემენტის მტვერია, “მუცელში თითქოს უცხო ჩამისახლდა და ჩემი ნაწლავების გამონგრევას ცდილობსო”, “მუცელში ცხელი ალუმინი ჩამეღვარა, როგორც ჭიანჭველების ბუდეშიო”, ასე თქვი, შეჩემა, გიჟურად თქვი, ფრიკულად, რომ დაგცინებენ და აბუჩად აგიგდებენ, მაგრამ მართალი რომ იქნება, მხოლოდ შენი რომ იქნება, ისე თქვი, შეჩემანალა, და შენ გახდები ღმერთი. შენი თავის, შენი ფიქრების, შენი პიროვნების პატარა, ინდივიდუალისტი და მატრაკვეცა ღმერთი.

   “ვამპირული ომებს” და საერთოდ მსგავს “საზოგადოებრივ” ლიტერატურას სწორედ ეს აკლია. პიროვნება. ერთი პატარა, მაგრამ დიდი გულის მქონე ადამიანი, რომელიც გაბედავს და თავიდან ამოიგდებს “განათლებული”, “ცივილიზირებული” ადამიანის ყველა წინასწარჩანერგილ განსაზღვრებებს სამყაროს შესახებ. ჩამოიფერთხავს სიტყვებს, როგორც დაძველებულ ფორებს, ცოტა ხნით, შიშველი, ძვლებამდე, ღვიძლამდე, ფილტვებამდე და თორმეტგოჯა ნაწლავამდე შიშველი, დადგება სამყაროს წინ და შეივსება, ხელახლა შეივსება კსომოსის ფერებით, ახალი, ლურჯი და ცხელი სიტყვებით, რომლებიც იქნება სამურაის ხმალივით ბასრი და ერობოსავით გაჭრის რეალობას. სიტყვები, როგორც დანები, გლუვდებიან, იჟანგებიან. ჩვენ უნდა ვცვალოთ ჩვენი სიტყვები, როგორც დანის პირები. ჩვენ უნდა ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადავიღვაროთ, როგორც ღვინო, რომ არ ჩავლპეთ, არ დავობდეთ, არ გარდავიცვალოთ.

10690072_903233989696013_4737198500049509649_n

   მე არ ვიცი, რა არის სიტყვების იქით. ფერების, სხეულების, გრძნობების იქით რა არის, გარტყმაში არა ვარ. მე მინდა, მჯეროდეს, რომ ჩვენი სამყარო არის ერთი უბადრუკი, პატარა ხომალდი, გამოკიდებული დიდ სილურჯეში. ერთხელაც გამოჩნდება ვინმე ჰიუ, ან ალანი, ან ჯო-ჯიმი, და გაგვაგებინებს, რომ ფიიფააალ, ჩვენ ვცხოვრობთ ხომალდში, გამოგონილ სამყაროში, ჩვენი ხომლადის რკინების იქით კი რაღაც გონმიუწვდომელი, საოცარი განზომილებაა. მე ამის მჯერა, იმიტომ, რომ ვგრძნობ, სამყარო ასეა მოწყობილი, ფენოვან ხაჭაპურს გავს სამყარო. ამ კიდის იქეთ კიდევ კიდეა, სიზმრების იქით კიდევ სიზმრებია. დედამიწა არის გიგანტური მატრიოშკა ოკეანეებით, როგორც ლურჯი ლოყებით, და ფერადი ყვავილებით, როგორც ჩითის დაგვირისტებული კაბით. და სწორედ ამიტომ, “შენ აქ დარჩი, მე შევაკავებ ამათ”, გაცრეცილი და წინასწარი კოდის მიხედვით აგებული ლიტერატულა არის მკვდარი ჭიაყელა. მხიარული მედუზა, რომლის შეხებაზეც მხიარულადვე ამერია გული.

   ვიკტორ პელევინმა, რომელმაც დაწერა გენიალური ვამპირული საგა, დამაჯერა, რომ “ვამპირიზმიც” შეიძლება იყოს ღრმა და უძირო ჭა, რომელშიც ჩავიხედებით და აღმოვაჩენთ გროტესკულ ჭეშმარიტებას ადამიანებზე, ჩვენს ცივილიზაციაზე, ჩვენს სულელურ ტკივილებზე. ნებისმიერი მითი არის გენიალური საშუალება, ეგზგუმაცია ჩაუტარო მკვდარ მსოფლმხედველობას და აღმოაჩინო რეალური სიცოცხლე რეალური მიზეზებისა და შედეგების დადგენით. მითი არის ნამდვილი სიცოცხლე, თვითონ სიცოცხლე არის მითი. “ვამპირულმა ომებმაც” დამაჯერა რაღაც. დამაჯერა ის, რომ ვეღასდროს გახდება ვამპირული მითი პორტალი სხვა, ზედროისა და ზებუნებრივის, ლეგედების სამყაროში. იმდენად გააუფასურეს, იმდენად მარტივ მამრავლებად დაშალეს, იმდენად გააწყალწყალეს ეს უუსაყვარლესი, ფუნთუშა და სისხლისმსმელი ღამურიკოები, რომ მათგან აღარაფერი დარჩა, გარდა მაზალო სიფათებისა და ფრიად მაჩო, ესპანური, ერეგირებული ასოებისა.

______________________________________________________________

ერთი კარგი და ერთიც ცუდი ბიჭი. ორივე იდიოტი.

რომანტიკული გასეირნება კარგ ბიჭთან. პირველი კოცნა.

პირველად მისცა კარგ ბიჭს. იმან, “შენ ჩემთვის მეტისმეტად კარგი ხარო”. დაახვია.

ბოროტმა ცუდად ისარგებლა ამის ნდობით, ბოლოს მაინც შეუყვარდა.

საბოლოოდ აირჩია კარგი ბიჭი, იმიტომ, რომ გიჟდება, ბიჭს რომ მორალი აქვს.

ცუდმა ბიჭმაც იპოვა თავისთვის კარგი გოგო, რომელიც არასდროს იქნება ისეთი კარგი, როგორიც იყო ის სულ სულ კარგი გოგო.

ზი ენდ.

  მიყვარს 350-გვერიდანი წიგნები, რომლის მოყოლასაც 5 აბზაცში ახერხებ. ვგიჟდები ლიტერატურაზე, რომელიც გავს საზოგადოებრივ ტუალეტს. ახლა გავალ, ჩემით, ესენი თქვენ შეაკავეთ!!! :3

10850114_903233646362714_5197618929735159249_n

Posted in Uncategorized | 2 Comments

Interstellar

interstellar-3-doaly

   ყველანი “ინტერსტელარზე” ლაპარაკობთ ამ ბოლო დროს და მეც ჩავაკვეტებ ჩემს სათქმელს 🙂 არაჩვეულებრივი ფილმია. გადასარევი ფილმია. ფილმი კი არა, გაცხადებული, ეკრანზე გადმოტანილი და გემოვნებიანად ლაქირებული სიზმარია, სათუთი და მშვენიერი ოცნებაა ჩემნაირი ტიპებისთვის, შენნაირი ტიპებისთვის, ჩვენნაირი ტიპებისთვის. აი იმ უცნაური და მოჩვენება ადამიანებისთვის, ოთხ კედელში გამოკეტილები რომ დავბორიალობთ პირში სიგარეტგარჭობილები, სამყაროს შეუცნობელ საიდუმლოებებზე მოფიქრალები, ჩიფსებს რომ ვახრაშუნებთ, მუხლებმოკეცილად ჩასვენებულები რომ ვსხედვართ ჩვენს ნერდულ სავარძლებში და მორგან ფრიმენის მენესტრელურ ხმას ვუსმენთ, ღრმა და მისტიკურად ჩახლეჩილ, იმთავითვე ბრძნულად მიჩნეულ ხმას, რომელიც უსასრულო კოსმოსზე, შორეულ პლანეტებზე და შესაძლო, ლამაზ სიცოცხლეებზე გვიყვება. ჩვენ ჩვენი კლავიატურაზე მოფარფატე მოქნილი და მუშა თითებით, ინფორმაციული კრემისფერი ღრუბლით ტვინის ნაცვლად, სამყაროს ნამდვილი ბატონ-პატრონები ვართ. არ გიფიქრიათ ამაზე? მე, მაწ ევო, მიფიქრია. ფრიად იმპოზანტური (და დიდი ალბათობით მწვანეთვალება) არაბი პრინცი “ათას ერთი ღამიდან” მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეძებდა სამყროს დაუჯერებელ სასწაულს, ჯადოსნურ სარკეს, რომელიც გადაკვეთავდა დროისა და სივრცის პირობით, სიაფანდურ საზღვრებს და მსურველს უჩვენებდა სწორედ იმ მომხიბვლელ, მადისაღმძვრელ და სანატრელ სურათს, რასაც თავად მსურველივე ჩაიფიქრებდა. ასეთ “ჯადოსნურ სარკეს” მარტო  ღვთაებრივი, ყველაზე წმინდა, პირველქმნილი და საკრალური ინიციაციის გავლის შემდეგ მხოლოდ რჩეულები თუ დაეუფლებოდნენ ხოლმე, ისიც გასაოცარი და წარმოუდგენელი განსაცდელების გავლის შემდეგ. გრაალის მინაბულ ნათებას რომ გაუსწორო თვალი, უნდა გადალახო ორკუდიანი ყვავის მდინარე, გამოიარო შეშფოთებული დევისა და აღშფოთებული ტროლის გამოქვაბულები, გადალახო ჭკუამხიარული ზვიგენის ტბა, გადმოჭრა ანორექსიული გორაკის კალთები მარტოხელა ზღარბისა და დეპრესიული სკუნსის მთაგრეხილების გავლით და ევრიკა, ინიცირებული მესია, გმირთა გმირი, განპიროვნებული ლეგენდა მოიპოვებს ცოდნას და შექმნის განუმეორებელ მითოსს, ისტორიას, რომელსაც მოყვებიან საუკუნეების განმავლობაში კოცონის პირას ჩამომსხდარი დაღლილი და დაუბანელი, თვალებანთებული და თავგადასავლებისთვის მწყურვალი სტალკერები. ეს იყო ადრე. აი დღეს კი, ჰაჰ,  დღეს ყველაფერი ძალიან, გასაოცრად მარტივია, ფრიად ძალდაუტანებელი, ეგზომ ჰაეროვანი და ერთობ პროფესიონალური ორი დაკლიკვა და ჩვენს წინაშეა გრანდიოზული, ფერადოვანი, უმშვენიერესი სამყაროები. ლუვრის მონახულება გინდა? ონლაინ-მუზეუმი შენს განკარგულებაშია. სამეფო პინგვინების ყოველდღიური რაციონის შესწავლას საჭიროებს შენი ცნობისმოყვარე და დაუდგრომელი სული? National Geographic ზედ დაგაკვდება, ბალიშის პირს შეგისწორებს, საბანს შემოგიკეცავს, სასთუმალთან ჩამოგიჯდება და ძილის წინ საინტერესო ამბებს გიამბობს. კოსმოსი და ინტერპლანეტური მოგზაურობები გაინტერესებს? მსოფლიოს საუკეთესო ფიზიკოსები, ასტროფიზიკოსები, ქიმიკოსები, ბიოლოგები, კვანტური ფიზიკისა და კოსმოგონიური თეორიების აღიარებული სპეციალისტები შენი გულისთვის სალსას იცეკვებენ, ჩა-ჩა-ჩასაც, შენთვის გასაგებ, გაწყალებულ და მძახედ პოპულარულ ენაზე აგიხსნიან ფარდობითობის თეორიას, თვალებში ვარსკვლავებს გაგიჩენენ, ჭკუაზე შეგშლიან, დაგაჯერებენ, რომ შენ, ერთი დაბნეული და მოწყენილთვალება მომხმარებელი შენზე დიდი და უსასრულო, მარადისობაში გადაჭიმული კოსმოსის ნაწილი ხარ, შენს ნაცრისფერ, საბჭოთა ხრუშჩოვკაში ხარ, მაგრამ თან დაფრინავ, ბიჭო, დაფრინავ თან, ორიონის ვარსკვლავურ ქარხანას ჩაუფრენ, მილიონობით მთვარესთან სელფებს გადაიღებ, დროის დასაწყისში წახვალ და ისეთივე პატარა და მიკროსკოპული იქნები, როგორც პირველი, პაწაწკუნტელა, ჭიამაია სამყარო. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი. ჩვენ ვართ ყველაფერი. ჩვენ 100 დოლარად თვეში განვადებით გამოვიტანეთ დიჯითალ მოუდზე გადაყვანილი ჯადოსნური სარკეები და მარტოხელა ზღარბის მთაგრეხილის გადავლის გარეშე, ყველაფრის გარეშე, გავხდით ამა სამყაროს ღიპიანი და პეპსი-კოლა ღმერთები. ფრიად იმპოზანტურ (და სავარაუდოდ მწვანეთვალება) არაბ პრინცებს, ძველი დროის ტკბილ და ხეპრე ჰიროებს, ლეგენდარულ მეფეებს და წარსულის, “დიადი” დროის “დიად” ადამიანებს საბოლოოდ მოეხაზათ, დედა ეტირათ, მაგრად გაფარჩაკდნენ. მეფე მოკვდა, გაუმარჯოთ მეფეებს. ორი დღის წინ სამ ლარად ვიყიდე ბილეთი ფილმზე, რომელმაც მაჩვენა ლურჯი კოსმოსის და შორიდან ამურის ტრაკივით გლუვი და ფაფუკი ზედაპირის მქონე იასამნისფერი, ყვითელი და კიდევ მაგიისფერი, ღმერთო, მაგიისფერი პლანეტები და, იქვე, იმ დარბაზშივე ამეტირა. იმიტომ, რომ ფეხებზე მეკიდა “უზუსტობები”, პოპულისტური, შიგადაშიგ წმინდად ჰოლივუდური დინამიკა და მისი გასაგებზე გასაგები, ფანტა/სპრაიტი ენა. Endurance-მა ისე ჩაუარა სატურნს, თითქოს გოლიათ ბალერინასთან ფუტკარმა მიიფრინაო, შავ ხვრელში ისე შეცურდნენ ნებიერი ბრასით, თითქოს კაიაკომ მორიგი მსხვერპლი გადაუშვაო თავის იმქვეყნიურ, შავ მუცელში. სამ ლარად ოცნება ვნახე, ბლინ. უფრო სწორად, ლამაზად და კოხტად დადგმული წარმოდგენა ჩემს ოცნებაზე. თანამედროვე ადამიანის, ჩემნაირი, შენნაირი, ჩვენნაირი, გასაცოდავებული, მძიმე ბლოკების, მყრალი ცემენტისა და ნოტიო მტვრის სივრცეში ჩახერგილი გაუბედურებელი ღმერთების ოცნებაზე შესანიშნავი სპექტაკლი ვნახე “ინტერსტელარის” სახით.

tumblr_m9jye75AxK1rf3lneo1_500

   მცირედი ლირიკული გადახვევა: შუამდინარულ მითოლოგიაში დედამიწა და მთლიანად სამყარო შეიქმნა ქაოსის პირველადი ურჩხულის, თიამათის, სხეულიდან. უფრო ზუსტად, ძლევამოსილმა დემიურგმა, მარდუქმა, თიამათი შუაზე გაგლიჯა, გადაყლაპა, გაფლეთილი სხეულის ნარჩენებისგან კი შეიქმნა ნოყიერი მიწა, რომელზეც აყვავდა და გაიშალა მილიონობით მშვენიერი სოცოცხლე. არა მხოლოდ შუამდინარულ, სხვა დროისა და სივრცის მითოლოგიებშიც სამყარო იბადება სწორედ ასე, კანიბალური, კულინარიული აქტის შედეგად. სამყარო რომ დაბადო ცნობიერების საშოდან, სამყარო უნდა ჩახეთქო მოშიებულ და ბუყბუყა კუჭში. მილიარდობით გალაქტიკა შეიკუმშა და აფეთქდა, ჩვენი თინეიჯერი კოსმოსისთვის რომ ჩაეყარა საფუძველი. და რახან მიკროკოსმოსი ყოველთვის იმეორებს მაკროკოსმოსის გეოგრაფიულ პუნქტებს, ადამიანებს, მიკროსკოპულ და ცქნაფა, ამბიციურ არსებებს, მუდმივად გვშია. გვშია სამყარო, მისი გაცნობა, მისი ფლობა, მისი ‘შეჭმა” გვჭირდება, რომ ვიცოცხლოთ, ვიარსებოთ და სადომაზოხისტურად ვიტანჯოთ კუჭში მტკინვეულად გასვლისას, მანამ, სანამ ჩვენ თვითონ არ დაგვეუფლება, ჩვენ არ შეგვჭამს და გადაგვყლაპვას ჩვენი პირადი და ელეგანტური მარდუქი, ცელიანი ტიპი, ბიცოლა სიკვდილი.

   მე მგონია, რომ “ინტერსტელარი” და მთელი ეს ჭყეტელა, ილუმინაციურ-ჰალუცინაციური, ვირტუალური პროექტები მორგამ ფრიმენის ბრძენი მენესტრელისებური ხმით, მეთიუ მაკქონაჰის ტრაგიკული და ღრმააზროვანი მიმიკებით, სივრცე ჩვენი სიზმრების, ჩვენი ოცნებებისა და ჩვენი სულების ფერებით, ყველაფერი ეს არის სამყაროს ის მიზანმიმართულად ანათალი ნაჭერი, რომელიც ინებეს და გადმოგვიგდეს, გვაჭამეს, დაგვაპურეს და ცოტა ხნით დაგვამშვიდეს, დაგვანაყრეს. მოგზაურობა შავ ხვრელებში, ყველაზე მიუწვდომელ და ტვინისწამღებად შორებელ გალაქტიკებში, ჩვენთვის უცნობი განზომილებები და მოქნილი გადასვლა ადამიანურიდან ზეადამიანურამდე, და პირიქით, ყველაფერი ეს სამ საათში. ყოველივე ეს სამ ლარად. ესაა, ძმაო, პოპ-კულტურა. ზედაპირული, ფარფატა და უწონადო ცოდნა და ბედნიერი ციყვის აღფრთოვანება, რომელსაც სადილის ნარჩენებს გადაუყრიან და იმას გონია, გემრიელად, საფუძვლიანად აჭამეს მასზე უფრო მაღალმა და განვითარებულმა არსებებმა. დედას ვფიცავარ, ბედნიერ ციყვთა შორის ყველაზე ბედნიერი ციყვი ვიყავი “ინტერსტელარის” ყურებისას, მაგრამ ამავდროულად იმასაც ვფიქრობდი, რომ კოსმოსის შემეცნების ნაცვლად, კოსმოსის სიმულაკრით წავიხემსე. ჰოლივუდის გენიალურმა ღმერთებმა ცოტა ხნით მაცხოვრეს ლამაზ, იდეალურ სიზმარში, სამი საათით მაცხოვრეს, მერე გამოვედი კინოთეატრიდან და მე, პლანეტაშორისი ვოიაჟების თვითაღიარებული ექსპერტი, კოსმოსური მოგზაური და ყველა სხვა ეთერული სიკეთე, ისევ თბილისურ, ბინძურ და შარდის სუნით ამყრალებულ მიწისქვეშებში მოფათურე ჩვეულებრივი მოქალაქე ვიყავი ჩემი სასაცილო, იასამნისფერი ქუდით. კუპერის გზა გავიარე ჩვეულებრივი ამერიკული ფერმიდან ღია კოსმოსში, ოღონდ უკუმიმართულებით :დ პოპ-კულტურას ცაში აყავს ადამიანი, ჩვენ სამყაროს ღმერთები ვხდებით, ოღონდ პეპსი-კოლა ღმერთები, რადგან ბოშის უკანასკნელი მარკის მტვერსასრუტივით კი ვიწოვთ სხვა ადამიანების გამოცდილებასა და მათ მიერ გადმოგდებულ, ნაქველმოქმედარ სამყაროს, მაგრამ საკუთარი გამოცდილება არ გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, და რეალურად, არაფერი გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ჩვენს პატარა ოთახებში ვწევართ და მელანქოლიურად ვანძრევთ კოსმოსურ პორნოზე.

tumblr_nd1j2dozQo1s4i43zo1_500

  ყოველივე ზემოთქმული არ არის მარტო “ინტერსტელარის” პრობლემა (რეალურად, “ინტერსტელარის” პრობლემა შეიძლება ყველაზე ნაკლებადაცაა), არც კონკრეტულად მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ექსკლუზიური განზომილებაა, ესაა თანამედროვეობის, ბლინ, ვირტუალური, დიჯითალ ეკლესია და ამ ეკლესიის უერთგულესი, კომფორტულად მოწყობილი და ჩათბილული მრევლი ვარ პირადად მე, თქვენი მონა-მორჩილი… ეს არის ჩემი პირველი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციები და შთაბეჭდილებები “ინტერსტელართან” (და არა მხოლოდ მასთან) დაკავშირებით. სხვა მხრივ, გულწრფელად ვთვლი, რომ “ინტერსტელარი” არის ძალიან, ძალიან კარგი ფილმი თუნდაც ამ რამდენიმე გამორჩეული მომენტის გამო:

 1) ვფიქრობ, რომ ფილმის დასაწყისში შემობოდიალებული იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ ფიზიკური გადარჩენის ამოცანის წინაშე მდგარმა ადამიანებმა დაივიწყეს “სულიერი საჭიროებები”, დაივიწყეს ის, რომ ნესტიან მიწაზე ბანჯგვლიანი ზურგით გადაწოლილი ზეზვას თვალებში მხოლოდ მაშინ გაჩნდა ცნობიერების მორცხვი ნაპერწკალი, როცა მაღალმა და ვერხლისფერმა ვარსკვლავებმა შიგ ახალდაბადებულ სულში ჩახედეს მოზარდ ზეზვას და შიფონისებრი, მსუბუქი თეძოები ვნებიანად დაუქნიეს, თვალებიც ჩაუპაჭუნეს და ცნობისმოყვარეობის ჩათლახი ჭიაც გაუღვიძეს კუნძივით მკერდში. NASA-ს თითქმის შეუწყვიტეს დაფინანსება. ისტორია ჩაანაცვლეს ყალბი ისტორიით და პრაგმატული მითოსით იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ადამიანს არასდროს დაუდგამს ფეხი მთვარეზე, რომ ეს იყო ამერიკული კონსტრუქციული პროპაგანდის შედევრალური მაგალითი, რითაც მტრულად განწყობილი სსრ აბსურდულ ავანტიურაში და უაზრო კონკურენციაში ჩაითრიეს,  ჯიშიანი ჰოლანდიური ძროხასავით ჩამოწველეს ეს უკანასკნელი, მძიმე ჯიქანი ზედმეტი ფულისგან გაუთავისუფლეს. რავარი გადასარევი, გენიალური იდეაა ანტიუტოპიური სიუჟეტისთვის. ქრისტოფერ ნოლანს ცალკე ფილმის გადაღებაც კი შეუძლია სამყაროზე, სადაც ადამიანებმა მიზანმიმართულად და სრულიად გააზრებულად უარი თქვეს მაღალ ტექნოლოგიებზე, “ჯადოსნურ სარკეებზე” და თითქმის უსაზღვრო, უსასრულო ცუნამად თავს დამტყდარ ინფორმაციულ ბუმერანგებზე, რადგან ეს მათ ვერ დაეხმარებოდა გადარჩენაში, და შესაძლოა, ვერც ბედნიერებაში. ჯონ ლითგოუს პერსონაჟი, დონალდი, ამბობს, რომ იქნებ არც იყო სწორი იმ სამყაროს ფუნდამენტი, რომელშიც ცხოვრობდ 6 მილიარდი ადამიანი უფრო მეტი მილიარდი ღმერთული სურვილებით, რომ მათ ქონოდათ ყველაფერი, და ქონოდათ ყველაფერი აქ და ახლა. იქნებ ჩვენი, მიწათმოქმედური, ჰობიტური სამყარო უკეთესიაო, ბიჭოო, უთხრა კუპერს. ამ თემაზე ცალკე, სრულყოფილი და დახვეწილი სცენარის დაწერაა შესაძლებელი.

   2)  სიყვარული რომ ჩვენთვის უცხო, ჯერჯერობით შეუმეცნებელი სამყაროს არტეფაქტია, პირადად ჩემთვის, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური ფრაზა. სიყვარული, მიზიდულობა, სურვილი, ოცნება სამყაროს ყველაზე მყიფე, მეტაფიზიკური, იმიერი და თითქმის არარსებული, მაგრამ მაინც ყველაზე სათუთი, საჭირო და მოსაფრთხილებელი კანია. ჩვენს ცნობიერებაში დაკონსერვებული საყვარელი ხატები ქმნიან ყოფიერების ულამაზეს ლანდშაფტებს, აღმაფრენას და სამყაროს ძლევამოსილ დემიურგებად აქცევენ ისეთ მოუხერხებელ და აბდაუბდა არსებას, როგორიცაა ადამიანი. სიყვარული და ოცნება მართლაც რომ ჩვენთვის ბოლომდე გაუგებარი, უცნაური და სიურეალისტური სამყაროს მაგიური კვალია, ქარხნის გამონაბოლქვებსა და რადიაციულ ნეხვს შორის ჩარჩენილი, მოუკვდა მომგონი. ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი მთავარი, ყველაზე მსხვილი კალიბრის, ყველაზე თვალებდაფჩენილი და ენაგდმოგდებული კითხვა სამყაროსთან მიმართებაში, რომელიც ნაცემი ლაბრადორის ლეკვივით იყურება და ღორის ხორცის შპროტზე მეტად პასუხი შია. პასუხი სწყურია. ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ, ებიჭო, ხილული და ხელშესახები მატერიის იქით, უარყოფითი მასისა და ნეგატიური ენერგიის სამყაროში არსებობს თუ არა “რაღაც” მიღმიერი, იმქვეყნიური, “ჯადოსნური” და მიუწვდომელი, არსებობს თუ არა სხვა სამყაროები, can I belive in fuckin fairy?! არავინ გაფრენილა გარგანტუას ორბიტის გარეთ მდებარე პლანეტაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ შეყვარებული ქალის გულმა ასე “იგრძნო”, ხისტი რაციონალურობისა და ანგარიშიანი პრაგმატულობის ჩარჩოებს გადასვლა მსგავს სიტუაციაში სამაგალითო და ბლანკეტური სიგიჟე იქნებოდა. მაგრამ, ჩვენი მეტაფიზიკური, სულიერი, ემოციურ-ცნობიერი გარსი ჩვენი არსების ყველაზე მჭლე ნაწილია მაინც. სიყვარული არის უცხო განზომილების არტეფაქტი, რომელიც დროისა და სივრცის გარეთ არსებობს. ნოლანო, ნაბიჭვარო, მეც მჯერა ამისი.

   3) “2001: კოსმოსური ოდისეის” მსუბუქი პლაგიატი გენიალური კოსმოსური ხედების ფონზე გაშვებული კლასიკური მუსიკის სახით, “კერკეტი კაკლის” ექშენი დედამიწისმაგვარი კოორდინატების მქონე უცნობი გალაქტიკების ზედაპირზე, და მეშვიდეკლასელისთვის გასაგებ ენაზე გადმოთარგმნილი მეცნიერული ენა ფილმის პლუსი ნამდვილად არაა (ამავე მიზეზების გამო, “ინტერსტელარს” “კოსმოსური ოდისეის” გვერდით ვერ დავაყენებ), მაგრამ მე მომწონს, საშინლად, წარმოუდგენლად მომწონს იდეა: As above, So below. იდეა ყველაზე სიცოცხლისუნარიანი, არამალფუჭებადი პროდუქტია, თვითონ ნოლანს თუ დავუჯერებთ, ჰოდა, ჩემს შიგნით, ჩემს ფილტვებში, ღვიძლში და ზურგის ტვინში, ცოტაც თირკმლებში და ავადმყოფ ელენთაში, ცნობიერებაში, თავისი პარაზიტული, ვირუსული და მტაცებლური ცხოვრებით კაი ხანია უკვე ცხოვრობს ერთი ძალიან პრეტენზიული, წოწოლა და მამაძაღლი იდეა. ნასესხები იდეა, გათავისებული იდეა, რომელიც ყველაზე დენდურად, მოდურად და ჩამოქნილად ჩამოაყალიბა ძია ჰეგელმა, როცა ერთი მაგარი მოხია და თქვა, რომ აბსოლუტური გონი განახორციელებს საკუთარ თავს ადამიანში და სამყაროში, განახორციელებს განსხვავებული მასშტაბებით და მსგავსი პროპორციებით, უფრო ნათლად რომ ვთქვათ: ” ვიხედებით შინაგანში, ვხვდებით სამყაროს, თუ სამყაროში გავიხედავთ, ვხედავთ შინაგანს”. ჰეჰეჰე ^_^ არსებობს ამავე სახელწოდების ფილმი: “As above, So below”, ახალი თაობის საშინელებათა ფილმი, მცირე ბიუჯეტით, ქანქარა კამერით და უცნაურად ორიგინალური და გულისგასახარებელი სიუჟეტით. ფილმის მთავარი გმირი, ნაგიჟარი სკარლეტი, მთელი ცხოვრებაა ეძებს ფილოსოფიურ ქვას. ამ ლეგენდარული ქვის ძიებამ მცირერიცხოვანი და მაიმუნური ექსპედიცია პარიზულ კატაკომბებში ჩაიყვანა. კატაკომბების “ტურისტული” ნაწილი სავსეა სნიკერსის ბინძური ქაღალდებით, ლუდის ბოთლებითა და გაუფასურებული, გიდური წესრიგისგან გადაოხრებული, გადაცვეთილი ატმოსფეროთი. გამოუკვლეველი, არატურისტული და ღრმა ნაწილი კატაკომბებისა კი ნამდვილი დანტესეული ჯოჯოხეთია, სიურეალისტური კოშმარებით, ანარეკლისებრი, ამოტრიალებული სამყაროთი და ჭეშმარიტი ფილოსოფიური ქვით, რომელსაც მატერიალური გარსაცმი არ გააჩნია. ფილოსფიური ქვა ადამიანის ცნობიერებაშია, ფილოსოფიური ქვა ადამიანია, და არა რომელიღაც უწი-პუწი სუპერ-მეგა-ულტრა მყარი ქანი რომელიღაც თესლი, აქამდე არნახული ნივთიერებისა. ასეა ეს ამბავი. ჩვენ სამყარომ მოგვქსოვა, კოსმოსმა მუცელი გადაიხსნა და საკუთარი ნაწლავებისგან სიცოცხლე შეთხზა, როგორც ულტიმა პოემა, როგორც ბოჰემური რაფსოდია. ჩვენი სხეულები ვარსკვლავური მტვერია, ჩვენი სულები წმინდა ოცნებაა ამ ვარსკვლავებზე, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ კუპერმა დაახვია დედამიწიდან, მილიარდობით, ტრილიონობით სინათლის წელიწადი გადაიფრინა, კოსმოსური მეხუთე განზომილება გახსნა და მის შიგნით აღმოაჩინა… ადამიანი, საკუთარი თავი, თავისი შვილი, მისი პირადი, უნიკალური ისტორია. ადამიანი არის სამყაროში, სამყარო კი არის ადამიანში, ამიტომ “სამყაროს მკვლევარები” “ადამიანების მკვლევარებიც” არიან, ამიტომ ვერსად გავექცევით საკუთარ თავს, საკუთარ მემკვიდრეობას. გიგანტური შავი ხვრელის, გარგანტუას, გულისგულშიც კი, ადამიანი ისევ ადამიანს აღმოაჩენს. ეს არის იდეა: As above, So below. ფილოსოფიური ქვა არის ადამიანი. მაგია არის ადამიანი. და სხვა სამყარო… სხვა სამყაროც არის ადამიანი.

54574d4de0c80

   ასე რომ, ჩვენ ჩვენი მუშა და მოქნილი, კლავიატურაზე გაწაფული თითებით, ამა სამყაროს ჰიპსტერა და არაფრისმაქნისი ბატონ-პატრონები ვართ. ჩვენ პლანეტები დავიპყარით, შავი ხვრელი მუხლებზე გადავიხიეთ, შემდეგ კი კინოთეატრებიდან გამოვედით, ტუალეტში გავედით მოსაშარდად და ცოტათი უკვე დაგვავიწყდა, მეორე დღეს კი საერთოდაც დაგვავიწყა ჩვენი სიზმარი, ჩვენ ხომ პეპსი-კოლა ღმერთები ვართ, პოპ-კორნა ღმერთები, სიმყუდროვისგან გაქსუებული და ჰამბურგერა ღმერთები. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენშია სამყარო, ორიონის იასამნისფერი მტვერია ჩაღვრილი ადამიანების ცხელ და გუზგუზა ტვინებში, ამის დედა რომ ვატირე, ჩვენ გვაქვს დემიურგული, უნიკალური და გადარეული უნარი განუმეორებელი, მხოლოდ საკუთარი, აბსოლუტურად ავთენტური და გენიალური გამოცდილების დაგროვებისთვის. “ინტერსტელარმა” გამახსენა ეს. და თუნდაც ამიტომ, გადასარევია ფილმია “ინტერსტელარი”, შესანიშავი ფილმია, არაჩვეულებრივი ფილმია ჩემნაირებისთვის, შენნაირებისთვის, ჩვენნარებისთვის.

🙂

o-INTERSTELLAR-TRAILER-facebook

Posted in Uncategorized | 2 Comments

The Babadook

   The Babadook ვნახე და მივხვდი, რომ ასეთი მაგარი ჰორორი წლებია უკვე არ მინახავს. მინიმალური ფინანსებით და სულ რაღაც ორი (მაგრამ მხეცის მხეცი მსახიობით) ბლოუმაინდინგ ვეში დადეს და ყოჩაღ ამათ.

Featured image

   ედგარ ალან პოს აქვს ერთი მოთხრობა, რომელშიც ფსიქიატრიულის პაციენტები ბუნტს მოაწყობენ დირექტორის წინააღმდეგ, ბოლოს იმდენსაც მოახერხებენ, რომ პერსონალს სარდაფებში ჩაყრიან და თვითონ დაიკავებენ მათ ადგილს. და აი ასე, დედმიწაზე ჩნდება ერთი განყენებული, დაუჯერებელი და სიურეალისტური კუნძული, სადაც საღი გონება ითვლება – ნაკლად, სიგიჟე კი – ნორმად. ალბათ სამართლიანია. გარკვეულწილად. სიგიჟე ყოფიერების ავთენტური ფორმაა იმათთვის, ვისთვისაც ილუზია მატერიალიზირებული ცოცხალი ორგანიზმია. ხომ უნდა არსებობდეს სადმე, ოდესმე, სივრცე, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, ვინც ყურებით ხედავენ, თვალებით ისმენენ, ფერადი ნაცრისფრად ეჩვენებათ, ნაცრისფერი კი ყველაზე თვალისმომჭრელ ილუმინაციად. საღი და მოსაწყენი გონების დიქტატს ბოლო უნდა მოეღოს. რაღა დროს რაციონალურობა და ერთ ფორმაში გამომცხვარი სტაბილური ტვინებიაო, დაიჩივლა უბედურმა პომ. მოკლედ, ეს არის მოთხრობა, რომელშიც ორი იდეოლოგიური, ფრთიანი ფორმულა “ებრძვის” ერთმანეთს. ერთი ძველმოდური, მტვერწაყრილი და ობისსუნიანი, დღეს უკვე ფრიკშოუს მსგავს გადმონაშთად მიჩნეული, მკვახე და მჭრელი აზრი იმის შესახებ, რომ სიგიჟე განკურნებადი არ არის. თუ პაციენტს ჰგონია, რომ ის ცხენია, მაშინ ექიმმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ის ბედნიერი ცხენი იყოს, რადგამ უმჯობესია, იყო ბედნიერი ცხენი, ვიდრე უბედური ადამიანი. მეორე, შედარებით ლიბერალური, კაცთმოყვარე და უშურველი ენთუზიაზმით სავსე ფრთოსანი ფორმულა იმას იჩემებეს, რომ სიგიჟე ჯოჯოხეთთან მიახლოებას გავს, სიკვდილის მყრალ მონასუნთქს გავს დაბერებულ და ხორკლიან სახეში. და, რადგანაც ჩვენ სიგიჟესთან მიახლოება შეგვიძლია, მისგან დაშორებაც უნდა შეგვეძლოს. თუ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წუთებს მოვეჭიდებით, თუ ენდორფინებით გაჭყეპილ სამოთხის ღრუბლებს შევავლებთ თვალს, სიგიჟე გაქრება, როგორც სიბნელე, როგორც დილის ნისლი, როგორც ბზარი კედელში.

Featured image

   ხან მომხიბვლელი და ფუმფულა ცინიზმით, ხან ხსნისა და გადარჩენის ფრიად რომანტიკული, ესქატოლოგიური, სულიშემძვრელად კეთილშობილი მონაჩმახებით ადამიანების სულების კულინარებად და შეფ-პოვარებად მიჩნეული თეთრხალათიანი ანგელოზები ისევ და ისევ, როგორც ყოველთვის, რა გასაკვირია, რომ, არაფრის აზრზეც არ არიან. რამდენჯერაც უნდა ჩააგდონ ჯოკერი არქჰემში, სწორი ღირებულებები ჩაუნერგონ და ჯანსაღი ძილი ასწავლონ, ჯოკერი მაინც გამოიქცევა არქჰემიდან, ააფეთქებს არქჰემს, ჯანსაღი ტვინების ქალაქსაც, და ბეტსის ყურებზე მოეფერება. მე მგონია, რომ სიგიჟე გავს ცნობიერებაში გაჩენილ მინიმალისტურ და საოცრად მოქნილ, თანმიმდევრულ და ელეგანტურ შავ ხვრელს, მას აქვს გასაოცარი მიზიდულობის ძალა. ის შეიწოვს და შეისრუტავს შოკოლადის და ირისის კანფეტებს შენი ბავშვობიდან, შენს პირველ კოცნასაც შეისრუტავს, ლურჯ ცას და ბალახის სიმწვანესაც გადაყლაპავს, მთვარეს ერთ ლუკმად შეჭამს და მეგობრებს უხორცო აჩრდილებად გიქცევს. სიკვდილის, სიბნელის და არარად ყოფნის შიში სიცოცხლის, ყოფიერების ქსოვილზე მწყობრად დალაგებულ უჯრედებს და ამ უჯრედების მილიარდობით, ტრილიონობით ატომს ფაღარათს უჩენს, შიგნეულობას ამოუტრიალებს და კონტრუჯრედებად, კონტრატომებად აქცევს. ყველაფერს, რასაც ჰქონდა მაღალი და მიუწვდომელი ღირებულება, ყველაფერს, რასაც ქონდა მნიშვნელობა, შინაარსი, სურვილი და ნდომა, სიგიჟე აქცევს არარაობად, გაძვალტყავებულ, ცარიელ მატრიცად. და რაც მთავარია, სიგიჟე არ გაქრება. არასოდეს წარმოიდგინეთ საუკეთესო რესტორანი, რომლის კერძებსაც დიდი სიამოვნებით აგემოვნებდით მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ერთხელაც, გაიგეთ, რომ აღნიშნულ რესტორანში კლიენტისთვის მორთმეულ მარწყვის ტორტს სურნელოვანი და ჰაეროვანი ფეკალიების მსუბუქი ნატეხებიც მოყვა ბონუსად, პირდაპირ მარწყვისფერ, ქუნქულა კრემში. ჩვენთვის საყვარელი რესტორანი ვერასდროს მოიშორებს ამ ხინჯს, არა, კი კარგია, კი გემრიელია, კი კარგი მომსახურება აქვთ, მაგრამ ყოველი სისხლიანი სტეიკის, შოკოლადის ნამცხვრის ყოველი ლუკმის გადაყლაპვისას იგრძნობთ იმ შეიძლება ერთადაერთი ჰაეროვანი და სურნელოვანი იაღლიშის გემოს, და ეს არ დასრულდება, არასდროს სიგიჟე არის ცნობიერების შავი ხვრელი, რომელიც არ დაიხურება, არასდროს. სიგიჟე არის ცნობიერების უცნაური ცხოველი, ჩვენი ეჭვიანი და პარანოიდული ბოიფრენდი, რომელიც თავს არ დაგვანებებს, არასდროს.  სიგიჟე არის ეჭვის შეტანა საკუთარ თავში, საკუთარ არსებობაში, სამყაროს რეალურობაში. ადამიანები, ვინ არასდროს დაფიქრებულან  ლურჯ არაფერზე, მარადიულ და მძიმე ვაკუუმზე, ან თუნდაც, საქმოსან მატლებზე, რომლებიც ჩვენს სხეულს შეჭამენ one way or another,  ბავშვები არიან და მათია ცათა სასუფეველი.  დედამიწა კი ედგარ ალან პოს ფსიქიატრიულს გავს, ექიმების ადგილი პაციენტებმა დაიკავეს.

Featured image

   “ბაბადუკი” არის აბსოლუტურად უწყინარი, პატარა და საბავშვო ისტორია ლოგინის ქვეშ, ბნელ კარადებში ან საკუჭნაოებში მცხოვრებ ძალიან სასაცილო და ძალიან გროტესკულ მონსტრზე, მონსტრუკაზე, რომელ ისტორიასაც ერთ მშვენიერ საღამოს ერთი მშვენიერი და ქერათმაინი დედა თავის ლამაზ და ხუჭუჭათმიან შვილიკოს წაუკითხავს. ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი ისეა, როგორც “ბიოშოკის” პატრიოტულ პლაკატებზე ან ძველ საბჭოთა პროპაგანდისტულ ბუკლეტებში. ლამაზი დედა და ლამაზი შვილი, და ერთიც – ზღაპრული ბუა. მაგრამ საინტერესო ფილმები და საინტერესო ადამიანები ორგანზომილებიანი, პლაკატური სამყაროებიდან ტრიუფმალურად, ძლევამოსილად გამოდიან ხოლმე ფერადი, სამგანზომილებიანი სამყაროს სინემატიკურ სცენაზე და კინგ-კონგივით განწირულად, გაშლეგებული, დაჭრილი მხეცებივით, ღრიალებენ ხოლმე თავისი გიჟური, გულწრფელი და ცხოვრებისეული პერფორმანსისას. თქვენ არ იცით, როგორ მიყვარს ასეთი სამგანზომილებიანი, უცნაური და სასოწარკვეთილი, ცოცხალი, მფეთქავი ადამიანები. “ბაბადუკის” მთავარი პერსონაჟები კი სწორედ ასეთები არიან, მოკვდეთ პატრონი. “მშვენიერმა” მარტოხელა დედამ თავისი ოცნების კარიერაზე, მწერლობაზე, უარი თქვა და მოხუცებულთა თავშესაფარში დაიწყო მუშაობა, არც ქმარი ყავს, არც საყვარელი, მარტოა და ღამღამობით საყვარელ ვიბრატორს ეხუტება, ხანდახან კი შვილის სიკვდილზეც ოცნებობს. რა ლამაზი იქნებოდა ცხოვრება პასუხისმგებლობის, მუდმივად სათხოვნელად, სახვეწარად, მოსაფერებლად და ციებცხელებიანი ალერსისათვის გამოწვდილი პატარა ხელების გარეშე. შეიძლება თუ არა, რომ შვილი ძალადობდეს მშობელზე? “ბაბადუკში” ეს შესაძლებელი აღმოჩნდა. პატარა სემუილი პატარა, ვარდისფერთითება ომენია. ის არის ყველგან, ამელიას ცხოვრების ყველა ასპექტში, მისი ყოფის თითოეული პატარა თუ დიდი ოთახი სავსეა სემუილით. სემუილი სამსახურში, სემუილი სამზარეულოში, სემუილი საძინებელში, სემული ცხადში, სემუილი სიზმარში. სემუილი. სემუილი. სეეეემუუუიიიიილიიიი. არადა, როგორი ლამაზი ოცნებები ჰქონდა. სემუილი საყვარელია, მაგრამ პულიცერის პრემიას რომ აიღებდა, ისიც ალბათ ძალიან საყვარლობა იქნებოდა. სემუილს დედიკო უყვარს, მაგრამ ქმარზე მეტად ემი არავის უყვარდა, ილუზიონისტი ქმარი კი ტრაგიკულ ავარიაში დაეღუპა. საწყალი, საწყალი ემი. და საწყალი სემუილი, პატარა, ნიჭიერი და ეგოცენტრიკი ლაწირაკი, რომელიც ლამაზია პაჭუა ადონისივით და მომთხოვნი, ნევრასთენიკი ტირანია შეშლილი კალიგულასავით. სემუილი უმამოდ გაიზარდა, უმცირესი სოციალური უჯრედის “ძირითადი საყრდენის” გარეშე, გაიზარდა ყურადღებაში, ალერსში და შეუხორცებელ ტრავმაში, შესაბამისად, მისი ეგოიზმი, ბავშვური და აუტანელი ნევროზები, ენერგოვამპირის შინდისფერი აურა ისეთივე კანონზომიერი და ლოგიკური მოვლენაა, როგორც დილის ცვარი ან ტიტანიკის ჩაძირვა. და სწორედ ამ დროს, ისედაც დაძაბული და აფეთქების პირას მყოფი ოჯახური დრამის ფონზე გამოჩნდება ის, მარტოხელა და შიზოფრენიული მონსტრი, მონსტრუკა, ბაბადუკი. ალბათ შეუძლებელია იმის ზუსტად გარკვევა, ბაბადუკი რეალურად არსებობს, თუ მხოლოდ დუელიანტი დედა-შვილის დაავადებულ, მოთენთილ და დაუძლურებულ გონებაში დაბადებული მეტაფიზიკური პარაზიტია. ამას არცა აქვს მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ ბაბადუკი თავის თავში აერთიანებს ერთ სივრცეში, ერთ დაობებულ, ნესტიან ტაფაში ჩახრუკული დედა-შვილის ღამისეულ კოშმარებს, ზლაზნია შიშებს, მყრალ სიგიჟეებს. ბაბადუკი მათი კოლექტიური შავი ხვრელია, სიკვდილის შავი და გოთიკური მაცნეა, რომელიც საუკეთესოს კლავს მშობლისა და შვილის ურთიერთობაში და ყველაზე უარესს ტოვებს ცოცხლად – იმედგაცრუებას, აგრესიას, ფარულ ზიზღს.

Featured image

   ორი მსახიობი. ერთი სახლი. და გადასარევი დრამა. ადამიანები იკეთებენ ნიღბებს და გამოაჩენენ თავის ნამდვილ სახეებს. როგორც კი ბაბადუკი დაივანებს ცისფერი სახლის სარდაფებსა და სხვენებში, ამელია და სემუილი ტრანსფორმირდებიან იმათ, ვინც ყოველთვის იყვნენ. დაუძინებელი მტრები :3 არქიმტრები :3 გადაულახავი წინააღმდეგობა და შეუჩერებელი ძალა ხვდებიან ერთმანეთს :3  ნოა უაიზმენი, 7 წლის პატარა ბღარტია, წარმოიდგინეთ, მოცუცქნული, ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი, რომელიც ეშმაკივით თამაშობს თავის პერსონაჟს. ესსი დევისი კი, “მშვენიერი გვადალუპე”, ნევროზის ჭეშმარიტი ქალღმერთია. ქალი ლოტოსის სიმშვიდით, ვანილის ნაყინივით ტკბილი და იმქვეყნიური ხმით, ვარფისფერი და ნაზი, უნაზესი კანით ფილმის დასასრულს ნამდვილ, გავეშებულ ფურიად, მსხვერპლის კლანჭებით გასაგლეჯად მომართულ მითიურ ქიმერად იქცევა. ოქროს გლობუსსაც, ოსკარსაც და მკერდიდან ამოგლეჯილ სისხლიან გულსაც რომ მრგვალ მუხლებთან დაულაგებ, ისეთია ქალია ესსი დევისი. ჰოდა, როგორ ხდება ის, რომ იმათ, ვისაც უნდა უყვარდეთ, სინამდვილეში ასე სძულთ ერთმანეთი? წინა კვირებში “ილიადაზე” და “ოდისეაზე” გამართულ ლექციებზე ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ, ბიჭებო და გოგოებოო, პატარა ბაჭიებოო, სიყვარული და სიძულვილი სინამდვილეში ერთი გრძნობაა, თქვენ წარმოიდგინეთო. როცა გიყვარს, გძულს კიდევაც. და ეს ისეთივე ფაქტია, როგორც ის, რომ ადამიანი, კუდრაჭებოო, დუალისტური არსებაა და შოკოლადები და კარამელი ხომ უყვარს და უყვარს, მაგრამ ძველი, ტკბილი ძალადობა და ალექსდელარჯობაც სისხლში აქვს, პატარებო და კოპწიებო, ამას ვერაფერს მოვუხერხებთო. ჩვენ გვიყვარს ადამიანები იმის გამო, რასაც გვმატებენ, მათი ლამაზი და მღელვარე პორტრეტები გვიყვარს, და გვძულს ისინი იმის გამოც, რასაც გვაკლებენ. დანარჩენი, სიყვარულისგან, მიჯაჭვულობისგან, მშობლიურობის განცდისგან თავისუფალი, ლაღი და ახალი სამყაროების სამუდამოდ დაკარგული პერგამენტები აგვახიეს ჩვენმა საყვარელმა ადგილებმა, დროებმა და ადამიანებმა. წინასწარგანსაზღვრულობაში, სახლებში და ყოფაში მოგვაქციეს და ამისთვის მზად ვართ ერთმანეთის ხორცი შევჭამოთ, ერთმანეთის სისხლში ვიბანაოთ, ოღონდ, ამის დედაც, გავთავისუფლდეთ, თავიდან დავიბადოთ და ისეთივე ყოვლისშემძლეები გავხდეთ, როგორც თავიდან, დროთა დასაწყიში, ფუნჩულა ტრაკები რომ გამოვყავით დედის საშოდან, მერე წირპლიანი თვალები გავახილეთ და სამყაროს შემეცნება დავიწყეთ, აი მაშინ ვიყავით.

Featured image

   სიგიჟე არის ცნობიერების უცნაური ცხოველი, ჩვენი ეჭვიანი და პარანოიდული ბოიფრენდი, რომელიც თავს არ დაგვანებებს, არასდროს. თუმცა,  სიგიჟე არის ცნობიერების სევდიანი, მოუსვენარი მხეცი, რომლის მოთვინიერებაც შესაძლებელია. “ბაბადუკი” მთავრდება იმით, რომ თითქოს ოციანი წლების ფრიკშოუებიდან გამოპარულ მოსნტრს ცისფერი და ლამაზი სახლის სარდაფში გამოკეტავს დედა-შვილი. სიგიჟე დამარცხებადია, გაქრობადია, ოღონდ დროებით. და ისიც მხოლოდ ჩვენი გაწვალებული გონების სარდაფებში, ქვეცნობიერის ჯურღმულებში დაივანებს ხოლმე, დროდადრო. ჩვენ შეგვიძლია შევწვათ ბარბექიუ, წავიკითხოთ ლამაზი წიგნები და გვყავდეს არაჩვეულებრივი მეგობრები, შეიძლება გვერქვას პატიოსანი მოქალაქეები და საერთოდაც, ვიყოთ გადასარევი ადამიანები, მაგრამ ჩვენს მონსტრებს ჩვენი სულის სარდაფებში ძინავთ, ძილის წინ კი ამოდიან და შუბლზე გვკოცნიან გაპოხილი, ზეთოვანი ტუჩებით. ჩვენ ვებრძვით სიძულვილს საკუთარ თავში, ვებრძვით სიგიჟეს და არქაულ, წინარეისტორიულ მონსტრებს ჩვენსავე ცნობიერებაში. სულელი, სულელი ადამიანი, რომელსაც ერთდროულად უნდა უთვალავი, მილიარდი სამყარო, უნდა აღიარება და ძლევამოსილი ძალაუფლება, მაგრამ სინამდვილეში, ყველაზე მეტად, ყველაზე ძლიერი და ტკბილი, მოურჩენელი სიყვარულით მხოლოდ საკუთარი სახლი უყვარს, მხოლოდ სახლი, თავისი ერთადერთი, ცისფერი სახლი. ჩვენს გონებას გალაქტიკების შემეცნება შეუძლია, დონდლო სხეულმა და დრეკადმა სულმა კი უკვე იპოვა მშვიდი ნავთსაყუდელი და რომანტიკული კომფორტი. სიყვარული და ინდივიდუალიზმი გვაძლევს ყველაფერს, ადამიანურს, და გვართმევს ყველაფერს, ღმერთულს, იმიერს, ოცნებისმიერს. ადამიანური და “ღმერთული” ვერასდროს აპატიებენ ერთმანეთს. ვერ შერიგდებიან. კათარზისი ვერ მოხდება.

   ასე რომ, თეთრხალათიანი ანგელოზები ცდებიან. ბედნიერ ცხენს უბედური ადამიანი ჯობია, უბედურ ადამიანს კი ადამიანი, რომელმაც პირადი ბაბადუკი აბლაბუდებიან სარდაფში გამოკეტა და თავისი ცხოვრების მცირე-მცირე სტრესებს – ყოველდღიურობის ჭიაღუებს, აჭმევს ხოლმე მას. სიგიჟე არ გაქრება, არასდროს. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია მივტრიალდეთ მონადირე მთავრის ნათელი მხარისკენ და დავიჯეროთ, რომ ოთახის ბნელ კუთხეებში არავინაა. არავინაა. არავინაა. არავინაა.  საერთოდ არავინაა. მართვადი და მოთვინიერებული, ჭეშმარიტი  სიგიჟის ისტორიაა “ბაბადუკი”, ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰორორი. და აუცილებლად ღირს ნახვად.

Featured image

Posted in Uncategorized | 5 Comments

In Tyler We Trust

1375255_669949039691177_976793828_n

   როგორც ვიცი, საქართველოში ჩაკ პალანიკს საკმაოდ ბევრი თაყვნისმცემელი ყავს. “მებრძოლთა კლუბზე”, როგორც თანამედროვეობის საკულტო წიგნზე, ჩვენში ბევრი თქმულა, მაგრამ ცოტა დაწერილა. მე კი შევეცდები, უბრალოდ ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ მოვყვე ამ ისტორიაზე, რომელიც, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაგარი და ტვინისამაფეთქებელი  ამბავია, რაც კი შექმნილა სადღეისოდ. ძირითადად იმიტომ, რომ თემატიკაა სუპერ აქტუალური. ფაქტი და ფაქტების წყება, რომელიც თავისთავად არსებობს და გონიერი დამკვირვებელი, რომელიც ზედაპირს იქით, კანის შიგნით იხედება და გარეგნული სიმშვიდის მიღმა სხეულში მოფუთფუთე პარაზიტებს აღწერს. რეალურ რეალობას აღწერს.

   ალბათ სენტიმენტალური ვარ, შეიძლება პათეტიკურიც, მაგრამ, როცა „მებრძოლთა კლუბზე“ ვლაპარაკობ, უფრო ხშირად კი უბრალოდ ჩემთვის ვზივარ და ვფიქრობ, პირველი აზრი-ფრაზა, რაც თავში მომდის, არის: „ეს ხომ დიდი ხნის წინ დაიწყო…“  ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა ყოფითზე ყოფითი, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მისალმებისას მოსაუბრეებს თვალებში ვუყურებდი, დაბნეულობას ვამჩნევდი, მექანიკური, „საჭირო“ ჟესტების მიღმა ბანალურ სიცარიელეს და სასაცილოდ პირდაფჩენილ კითხვებს ვხედავდი, კითხვებს სტილში: „ეს ყველაფერი მალე დამთავრდება?“  „სახლში როდის მივალ?“ „საერთოდ აქ რა მინდა?“ მერე რა, რომ ამ ყველაფერს ვამჩნევდი. დიდი ამბავი. არც მე მიმაჩნდა მთელი ეს სახალისო გამოცნობანას თამაშები განსაკუთრებულ და ორიგინალურ რამედ. ადამიანები თამაშობენ. მთელი ეს მოჩვენებითი წესრიგი, თავაზიანი საუბრებისა და გულითადი მოკითხვების სამყარო მხოლოდ მეორადი სამყაროა. ჩვენ მივეჩვიეთ იმაზე ფიქრს, რომ აწმყოში ცხოვრება, მოცემულ რეალობაში არსებობაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ესაა იდეალი. აბა რა, ჩვენ ხომ პოპულისტი გურუების მფრინავი აფორიზმებით გვაქვს ტვინი გამოტენილი. „იცხოვრე დღეს!“, „დაიჭირე წამი!“ მთელი ეს ფსევდოეგზისტენციალური პროპაგანდა აბეზარი კოდალასავით შუბლზე გვიკაკუნებს. არადა, ადამიანთა უმეტესობა „აქ“ და „ახლა“ არასდროს ცხოვრობს. არა? მეც ეგრე მეგონა, მაგრამ მერე ჩემს თავს მარტივი სავარჯიშოების ამოხსნას ვავალებდი და განტოლების პასუხს სულ სხვა დასკვნებამდე მივყავდი ხოლმე. აი დავუშვათ, ხედავ მანქანების მდინარეებს ტრასებზე. ამ ადამიანებს მიზანი აქვთ. სახლში უნდა მივიდნენ, ან სამუშაოზე. ცოლს უნდა ჩაეხუტონ, ან უფროსს ანგარიშები აბარონ, რატომ დაიგვიანეს დღეს სამსახურში და ა.შ. სამსახურში არიან და სახლში დაბრუნებაზე ფიქრობენ, სახლში არიან და მთელი ეს ყელში ამოსული რუტინა ძვალადაა აქვთ გაჩხერილი და სადმე გადაკარგვა უნდათ, თუნდაც ჯანდაბაში, ან… ან… ჩვენი არსებობა აწმყოში თითქმის არასდროსაა რეალური, ჩვენ ძირითადად  ვცხოვრობთ ჩვენს მიზნებში, ჩვენივე  იდეალებში და ტკბილ ილუზიებში, იმ იმედებში, რომ ხვალ უფრო კარგად ვიქნებით, ვიდრე დღეს ვართ. ადამიანი ერთი მფეთქავი, თვალებმოჭუტული იმედია_მეთქი, ბავშვური ტვინით ვფიქრობდი. ისინიც, ნაუცბათევ გამარჯობას რომ ეუბნებიან ერთმანეთს და ყალბად იღიმიან,  ჩათბილულ სახლებში ცხელი ჩაის დალევაზე ოცნებობენ, ჩაის რომ დალევენ, კიდევ რაღაც სხვა იმედი უჩნდებათ და ასე. ადამიანები დაუმთავრებელი წინადადებები არიან, ამოუხსნელი განტოლებები, რომლებიც მთელი ცხოვრება საკუთრი თავის დაწერას და ამოხსნასაც ცდილობენ, მაგრამ ყოველ ჯერზე ფლავდებიან.

Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

Keep Calm and Fuck Your Morals

junkie_junky_burroughs
უილიამ ბეროუზის „ჯანქი“ როცა ვიყიდე, გამყიდველმა კულტურული ტაქტისა და თავაზიანობის მძაფრი შეგრძნებით, შეშფოთებულმა გაიკვირვა: „და წიგნი ნარკომანიაზე რად გინდათო?“ :დ „წიგნი ნარკომანიაზე“. „ჯანქის“ ქვესათაურიც მსგავსი კონტექსტის შემცველია: „გამოუსწორებელი ნარკომანის აღსარება“ – მომცრო სქოლიოსავით მოყვება ძირითად სათაურს. რაღა თქმა უნდა. რასაკვირველია. გასაგებია. რომ. „ჯანქი“ ნარკომანიაზე დაწერილი ავტობიოგრაფიული წიგნია. მაგრამ ჯანდაბაშიც წავსულვარ და ეშმაკსაც დავულახვრივარ, თუკი „ჯანქი“, ისევე, როგორვ კერუაკის „გზაზე“ ან გინზბერგის „ყვირილი“ მხოლოდ საზოგადოებისთვის „უხერხულ“ (და აგრეთვე „მტკინვეულ“… რახან პოლიტკორექტულობის გემრიელად მოჭერილ ფარგლებში საზოგადოებას ყოველთვის სათნო ღიმილი და მამაშვილური ზრუნვა უნდა უნათებდეს სახეს) თემაზე დაწერილი, მარტოდენ ნარკომანიის პრობლემაზე მოთხრობილი რომანი იყოს.

  შეუძლებელია შეაფასო „ჯანქი“ იმ კულტურული კონტექსტების გარეშე, რომელთა გავლენითაც ის შეიქმნა. 40-იანი, 50 -იანი წლების ამერიკაში საზოგადოებრივი პროცესების დუღილის ტემპერატურა მაღალია.  აქვე, სულ ახლოს, ძალიან ჭყეტელა და რევოლუციური ეპოქის დასაწყისში ალენ გინზბერგი „ყვირილისათვის“ უნდა გაასამართლონ. შემდეგ კი გაამართლონ, რადგან კონსერვატიულმა სასამართლო სისტემამაც კი თავისი გადაწყვეტილებით ერთი გემრიელად შეუკურთა წესიერებისა და საეჭვო მორალის სადარაჯოზე მდგომ პროტესტანტ მშობელთა კავშირს და მთელ ამ ნაფტალინიან, ყურითმოთრეულ პატიოსნებას, როცა პირდაპირ თქვა, ლიტერატურასთან ცენზურას არაფერი ესაქმება, მწერალი თავისუფალია, გამოხატოს თავისი თავი იმ ფორმით, რა ფორმითაც თავად სურს, წმინდაა გამოხატვის თავისუფლება, წმინდაა მწერალიც და სიტყვაც წმინდააო, ნებისმიერი მწერალი და ნებისმიერი სიტყვა.

  რა უცნაურია, არა? ჩვენთან, საქართველოში, დღესაც კი, ინდივიდის შემფასებელი ყოვლისმცოდნე მეტრი ის მდარე კოლექტიური მორალია, რომელიც გარეგნული, ზედაპირული კეთილდღეობის ნიშნებს, თვალებგაფართოებული და გაფაციცებული, ცნობისმოყვარედ აკვირდება, შემდეკ კი ვერდიქტიც გამოაქვს: (არ) არის კარგი ოჯახისშვილი. (არ) აქვს საკმარისი შემოსავალი. (არა)რესპექტაბელურად გამოიყურება და მსგავსი ფორმალური და, რაღა თქმა უნდა, პერმანენტულად მოსაწყენი ბანალურობანი.  „პატარა პრინცის“ ამბავია, დიდებს მხოლოდ ის აინტერესებთ, ვის რამდენი ხელფასი აქვს ყოველთვიურად, აბა იმას კი არ გკითხავენ ადამიანზე, როგორი ხმა აქვს ან რაზე ოცნებობსო. ადამიანებს ძირითადად ორი რამ აღელვებთ: უსაფრთხოება და პატივმოყვარეობა. სოციალურ კიბეზე ჩორთით ზეასვლა პატივია, რისთვისაც ხარკიც შეიძლება გაიღო, მაგალითად, ატარო ჯვარი (სუფთად მაგალითისთვის), რამდენიმეათასდოლარიან ლეპტოპზე უსმენდე ფავორიტი მამაოს ქადაგებას სიღარიბის, როგორც ერთ-ერთი ქრისტიანულ სათნოების, გამორჩეულ ღირებულებაზე (წმინდად მაგალითისთვის). მოკლედ, შეიძლება შეასრულო ნებისმიერი საზოგადოებრივი კონიუქტურა , ოღონდ ეს დედანატირები, კიბის სათავეში მოექცე, ოღონდ იყო უსაფრთხოდ და ოღონდ პატივმოყვარეობის პატარა და პრეტენზიული მხეცი მშვიდად იყოს.

  ახლა წარმოვიდგინოთ ბეროუზის, გინზბერგის და კერუაკის ამერიკა. იმ ახალგაზრდა ბიჭებისა და გოგოების ამერიკა, რომლებიც პროტესტანტი მშობლების სახლებიდან გამოიქცნენ, ზურგი და უკანალი შეაქციეს მაღალბუნებოვანი „ზნეობის“, ჰალსტუკიანი ბიძების, სოციალური კიბის ვნებით შეპყრობილთა და ბოლოს „ამერიკელი ფსიქოპათის“ პერსონაჟებად ქცეულ კეთილხმოვანი ზომბების ქალაქებს, კულტურული დეგენერატების ქალაქებს და გზაზე გავარდნენ. დაიწყეს მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ, ტვინები გაითავისუფლეს მთელი იმ სტერეოტიპული, შინაარსგამოცლილი და მავნე მორალისაგან, რითაც წლების განმავლობაში იკვებებოდნენ და რაც აიძულებდათ, ის ფორმა მიეცათ საკუთარი თავისუფლებისათვის, რა ფორმასაც მათ ტრადიციული კულტურა და ერთ ყალიბზე ჩამოსხმული, სიცარიელემდე დაფილტრული ღირებულებათა სისტემა აძლევდა. ავიღოთ სუფთა ფურცელი, დიდი, თეთრად მოხასხასე ფურცელი და დავხატოთ დედამიწა ისეთი, როგორსაც ახლა ვხედავთ მას. „აქ“ და „ახლა“ დედამიწას მწვანე ბალახის სუნი აქვს, ლურჯი ცის ფერი აქვს, ჩემი მეგობარი ბიჭის ხმა აქვს, გზაზე სახეტიალოდ გასული როვერის გლუვი ზედაპირივით შეიგრძნობა. უბრალოდ ვისიამოვნოთ ცხოვრებით, ეს სამყარო ჩვენი პატარა სახლია, ყველგან მიგვესვლება და ყველა ჩვენიანია, მთავარია, მოსაწევი ჰქონდეს და ბევრს არ ატრაკებდეს. ყველაფერი წმინდაა. „არაწმინდა“ არ არსებობს. ნაბიჭვრებიც წმინდანები არიან და უმანკო ბავშვებიც. კოსმოსიც წმინდააა და დედამიწაც წმინდაა, გინზბერგი წმინდაა. კერუაკი წმინდაა. ბეროუზი წმინდაა. კესიდი წმინდაა. ჩვენ ყველაფერს თავიდან ვიწყებთ. წარსულის აჩრდილების, იდიოტი მამების და არქაული ნევროზების გარეშე, რასაც ადრე მაღალფარდოვნად „ტრადიციებს“ ვეძახდით, ახლა კი ყველაფერი ჯანდაბაშიც წასულა, რადგან ახალგაზრდები ვართ, ვმოგზაურობთ, ვეცნობით, ვკაიფობთ, შეიძლება ბევრს ვერც ვერაფერს მივაღწიოთ, მაგრამ ეს არაფერი. მთავარია, რომ ახალ  წელთაღრიცხვას ვიწყებთ. აწმყოზე მნიშვნელოვანი არაფერია.

5559487913_b1ac3be825_z

  50-იანი წლების ამერიკაში არათუ რომანის დაწერა ნარკომანიაზე, არამედ საერთოდ სიტყვა „ნარკომანის“, „ნარკოტიკის“ ხსენება „მისაღებ ტონად“ არ ითვლებოდა საზოგადოებაში. ნარკომომხმარებლებს ებრძოდნენ, როგორც სახელმწიფოსთვის სერიოზული საფრთხის შემქმნელ კრიმინალებს. თავად ნარკომომხმარებლებს ფეხზე ეკიდათ სახელმწიფოც, მთელი თავისი საჩივრებით, სამშტოიანი და პარანოიკი ხელისუფლებით, „ცხოვრების ჯანსაღ წესზე“ გადაგებული საზოგადოებით და მოკლედ, მთელი იმ სისტემით, რის დაცვასაც კბილებით ცდილობს ხოლმე ნებისმიერი, ვისთვისაც ადამიანი მიწაში ფესვებგადგმული, ხავსმოდებული მცენარეა, მთვლემარე კომფორტითა და ნულოვანი მოძრაობით. ჯანქი ფსიქიკური და ფიზიკური ზიანის მომტანია ადამიანისათვის. მაგრამ ჯანქი თავისი არსით ანარქიული ვირუსის შემცველი წითელი კაფსულაცაა. ჯანქი დაუმორჩილებლობის მიკრობებს თესავს, რადგან „კაიფი სამყაროს სხვა კუთხით დანახვაა. კაიფი ხრწნადი, წინდახედული, მოსაწყენი, დამფრთხალი ხორცის კლანჭებისგან გათავისუფლებაა“.  ოცი წლის შემდეგ „ზაბრისკი პოინტის“  ფინალურ კადრში ანტონიონი რომელიღაც ფეშენებელური ვილის ნელი და სადისტური აფეთქების კადრებს „pink floyd“-ის მუსიკას დაადებს და ამგვარად, ყველანი ერთობლივად ვიზეიმებთ ბით-თაობის გენიალური და ჯერ კიდევ ცინცხალი იდეების გამარჯვებას.

  ბით-მოძრაობაზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. ისტორია.მონაწილეები. იდეები. ენციკლოპედიურად, ყურადღებიანი სიფრთხილითა და სკულპულოზურობით ჩამოწერდა ადამიანი წლებს, თარიღებს, გვარებს, მანიფესტებს, მეხსიერების ადგილებს. თუმცა, მე ეს განზრახვა არ გამაჩნია.  მე გამაჩნია სურვილი, რომ იმ გამარჯვებას და აღიარებას, რაც ბით-მოძრაობას, ახალგაზრდა თაობას და ზოგადად, კულტურული მონსტრებისათვის შუბლში ტყვიის დაჭედებისა და საკუთარი ახალბედა მონსტრუკების გამოზრდის იდეას ხვდა წილად ლიტერატურაში, კინოში, თუ უკვე ლეგენდარულ არარსებობად (ე.ი. ზე-დროდ, არარსებულ დროდ, უდროო დროდ) ქცეულ 60-იან-70-იან წლებში, ვირტუალურობის, ილუზორულობის, ტკბილი ოცნებების ვანილიანი ღრუბლები მოსცილდეს და აღარ იყოს მელანქოლიური გონების ეგზოტიკური სიზმარი. გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. წავიდა და იმის მერე აღარავის უნახავს. პლატინიუმის 500-სართულიანი ცათამბჯენის ბოლო სართულზე კომპანიის ადგილობრივი კურიერი სტივი საღამოობით ამჩნევდა ხოლმე მარტოხელა კაცს, რომელიც მახლობელ გორაკზე ამოდიოდა, კარგა ხანს იქ იდგა, მერე კი ისევ მიდიოდა, სადღაც, გაურკვევლობაში, ბუნდოვანაბაში. მინდა, რომ ქალაქური ფოლკლორის ანთოლოგიას  მსგავსი ისტორიები დაერთოს. ბევრი ასეთი ისტორია. გამორჩეული ისტორია.

  უილიამ ბეროუზის „ჯანქი“ ბით-მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ცოცხლად შემონახული მანუსკრიპტია. არც ისეთი ბედნიერი და არც ისეთი თავისუფალი თაობის მანუსკრიპტი, იმ „გატეხილ-გაბზარული“ თაობის მანუსკრიპტი, რომელიც თვალებდაჭყეტილი და უღვთოდ მარტოხელა, რაღაცას ეძებს, ვერ პოულობს, მაგრამ ამას არ განიცდის. განწირული ბავშვებივით არიან, უფსკრულში ჩასავარდნად განწირული ბავშვებივით. თუმცა, ისინი არავის გაუწირავს. მათ თვითონ გაწირეს თავი იმისთვის, რომ „ძია სემისთვის“, მორალისტი უფროსი ძმისათვის, ყალბი პასტორებისთვის და საზოგადოების ფხიზლად მაკონტრილებელი საურონის თვალისთვის ზურგი და უკანალი ექციათ, მერე ერთად ეხითხითათ და ეთქვათ, ჰეი თქვენ, ნურავის დაუჯერებთ, ამქვეყნად, რაც კი არსებობს, ყველაფერი წმინდაა, ყველაფერი ადამიანის შემეცნებისთვისაა და ყველაფერი, ყველაფერი (!) სიცოცხლით კაიფისა და სიამოვნების მიღებისთვისააო.

11uV03r

Posted in Uncategorized | Leave a comment